"რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხვალ მოეწერება ხელი - პესკოვი

29 სექ 2022

რუსეთთან ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია, კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხელმოწერა ხვალ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება.

'ხვალ, კრემლის დიდ სასახლეში გაიმართება ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ. ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა,“- განაცხადა პესკოვმა.

რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.