რუსმა ოკუპანტებმა რაკეტები ესროლა უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას - "ენერგოატომი"

19 სექ 2022

რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას, დარტყმის ტალღამ ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციი​თ, რაკეტა რეაქტორებიდან 300 მეტრში დაეცა.

"დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ენერგოატომში“ ასევე აღნიშნავენ, რომ დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ამასთან, გამოირთო სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ალექსანდროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატი, ასევე გამორთულია სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

არსებული ინფორმაციით,ატომური ელექტროსადგურის პერსონალი არ დაშავებულა.