სამართალდამცავებმა ვანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს

29 აგვ 2022

 

სამართალდამცავებმა ვანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვანში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს – 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„პოლიციამ გ.ზ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.