საფეხბურთო კლუბ ''გონიოში'' სატრანსფერო სიახლეებია, გუნდი ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადება

01 აგვ 2022

საფეხბურთო კლუბი ‘’გონიო'' საქართველოს რეგიონული ლიგის სეზონის განახლებისთვის ემზადება. კლუბი პირველი წრის შემდეგ 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ფოთის ''კოლხეთი 2''-ს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

გუნდში მეორე წრისთვის სატრანსფერო სიახლეებია. ''გონიომ'' 30 წლის გამოცდილი ნახევარმცველი თორნიკე მოსიაშვილი დაიმატა. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ''გურიაში'', ''სამტრედიაში'', ''ცხინვალში'', ''გაგრაში'', ართვინის ''ჰოფასპორში'' და ბოლოს ''გარეჯში 1960-ში'' თამაშობდა.

ასევე გუნდი მეკარის პოზიციაზეც გაძლიერდა. ''დინამო ბათუმის'' 19 წლამდელთა გუნდიდან 16 წლის ზურა ფუტკარაძე მოვიდა. გუნდი ასევე ''კოლხეთიდან'' 3 ფეხბურთელით, ნახევარმცველი გიორგი ანდღულაძით , მარცხენა შემტევი საბა შალიკაშვილით და უნივერსალი საბა კუპრავათ გაძლიერდა, ხოლო ''მაჭახელადან'' გიორგი ამაღლობელი.

კლუბის გენერალური დირექტორის დავით დოლიძის განცხადებით ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. "

რამოდენიმე ფეხბურთელთან მაქვს მოლაპარაკება, გუნდი 3 აგვისტოდან იწყებს ვარჯიშებს და ვემზადებით ჩემპიონატისთვის. ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველი ადგილია და მე-4 ლიგაში გადასვლა'' - განაცხადა დავით დოლიძემ.

საფეხბურთო კლუბმა ''გონიომ'' გასულ პირველ წრეში 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 წააგო. გუნდმა 37 ბურთი გაიტანა და მხოლოდ 5 გაუშვა. საქართველოს რეგიონული ლიგა 5 სექტემბერს განახლდება და ''გონიო'' მე-12 ტურის შეხვედრაში ''ბსუ"-ს უმასპინძლებს.