სესია ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდ. არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ოპოზიციას სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა შედგენილი. წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული. რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს - აქ წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას. ამაზე პოლიტიკური პოზიცია არის მყარი. ხოლო რაც შეეხება ანტიკორუფციულ და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი. ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, რაც ვადებშიც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება და ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ისაუბრა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ სკანდალურია და მას მკაფიო პასუხები სჭირდება. მისივე თქმით, არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვოს.
„საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა მოსამართლემ. პრაქტიკულად ბრალდება არის წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მკაფიო პასუხის გაცემა. როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, განაჩენები ასეთი ხარისხით ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი. უნდა გავერკვეთ, რაში იყო საქმე. არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მით უმეტეს საქმე ეხება იმას, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა. ეს საერთოდ კატასტროფაა. ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას სჭირდება ჩაძიება. მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს. პროკურატურას მიმართა და ელოდება გამოძიებას. როგორც კი მიმართა, მაშინვე დაიწყო პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.