ქუთაისის მერიის შენობა იყიდება. ობიექტს აუქციონზე გასატანად ამზადებენ. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეიტანა ობიექტი გასაყიდ ნუსხაში.
რუსთაველის #3-ში მდებარე შენობის აქუციონზე გატანის საწყისი ფასი 16 მილიონ ლარზე მეტია. მის ადგილას კი სავარაუდოდ სასტუმრო მოეწყობა.
ოთხსართულიანი შენობა, რომელშიც ათეული წლებია ქალაქის მერია, საკრებულო და იმერეთის გუბერნია მდებარეობს 3667 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და მისი საერთო ფართი 6857 კვ.მ-ია.
ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს ფუნქციონირებას მერია, ქალაქის საკრებულო თუ იმერეთის გუბერნია.
ადმინისტრაციული შენობა ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინვესტორებს წარუდგინა. სააგენტომ ქუთაისსა და მის შემოგარენში მდებარე 24 საინვესტიციოდ მიმზიდველი ქონება შესთავაზა.
სახელმწიფო ინვესტორებს ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყოფილ საკონსერვო ქარხანასაც შესთავაზებს, რომლის საერთო ფართი 72836 კვ.მ_ია. უკვე მოეწყო იმ ობიექტების პრეზენტაცია, რომელიც ქუთაისში უნდა გასხვისდეს. ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია, ნაცვლად ქუთაისისა თბილისში გაიმართა. ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორი სტუმრის სტატუსით იყვენენ მიწვეულები. ღონისძიება ქონების ეროვნულმა სააგენტომ, USAID-თან ერთად დააორგანიზა.
ორი თვის წინ, ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მედიას პირველად დაუდასტურა, რომ შენობის გასხვისება იგეგმებოდა, როგორც მაშინ მერმა განმარტა აღნიშნულ ადგილას სასტუმროს განთავსება იქნებოდა მისაღები.