საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში დილიდან დაიწყო

26 მაისი 2022, 12:56 802 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში დილიდან დაიწყო.

რეკრუტთა ფიცის დადების ცერემონიალი არ გაიმართა, მაგრამ ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს დილიდან აქვთ შესაძლებლობა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.

იქვეა გამოფენილი სხადასხვა უწყების სტენდი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს ევროპისკენ მისწრაფების გზაზე რა ნაბიჯები გადაიდგა. წლევანდელი 26 მაისის თემაა ,,ევროპისკენ''. სტენდებზე განთავსებულია საუკუნის წინანდელი ისტორიები, როგორ მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა. პარალელურად იმართება კულტურული ღონისძიებები,  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.

თეთრ ხიდზე მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

იმართება სპორტული ღონისძიებები: ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში. დაგეგმილია აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები.

იმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა .

ბავშებისთვის დაგეგმილია თოჯინებისა და ნიღბების თეატრის სპექტეკლების ჩვენება. გაიმართება ხალხური და კლასიკური მუსიკის კონცერტები. 17.10 წთ-ზე ცენტრალურ მოედანზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. ეს არის დრო, როცა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის დღე გალა კონცერტით 20 საათზე დასრულდება. ღონისძიებების გამო, შეცვლილია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები.

ორი დღის განმავლობაში გადაკეტილი იქნება ქუთაისის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ქუჩები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში