​​​​​​​არესტოვიჩი ადასტურებს, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ომის ალში იქნებოდა გახვეული, სწორედ ესაა ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ - წულუკიანი

26 აპრილი 2022, 15:56 3506 ნახვა

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ტყვია არ გავარდეს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მოვდივართ ომებიდან, ჩვენ ვართ ის თაობა, ვინც ომები გამოვიარეთ. მეც ამ თაობის შვილი ვარ და მგონია, რომ საქართველო იყო პირველი ფრონტი რუსეთთან დაპირისპირების. ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან დიდი ღირებულებაა, არის სისხლით მოტანილი - ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის - მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა და განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად. “, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  მთავრობაში არიან მშვიდობის ადამიანები, სტაბილურობისთვის მებრძოლი და მომუშავე გუნდი.

„ტრადიციულად, გვესმის ბატონი არესტოვიჩი​ს შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც, უკვე პრაქტიკულად, ბოლომდე გშიფრავთ თქვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და თქვენს მხარდამჭერებს. ის ამბობს, რომ ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სწორედ იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ ჩვენ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენსავე ქვეყანაში, რათა რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის. დიახ, მე, როგორც ამ მთავრობის წევრი, ვადასტურებ, რომ ამ მთავრობაში დღეს არ არიან ომის ადამიანები.

ჩვენ ვართ მშვიდობის ადამიანები, სტაბილურობისთვის მებრძოლი და მომუშავე გუნდი, რომელიც უკვე 10 წელია, 1 დღე არ გასულა, რომ არ გვეფიქრა იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ რაც შეიძლება განგრძობად რეჟიმში სტაბილურობა, რომ როგორმე, მივაღწიოთ ცოტა უფრო განვითარებულ სახელმწიფოს, მყარ ინსტიტუტებს და დავუტოვოთ ის მომავალი თაობების მთავრობებს. ამას ადასტურებს დღეს ბატონი არესტოვიჩი, როცა ამბობს, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ომის ალში იქნებოდა გახვეული. სწორედ ესაა ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ - ჩვენი პოლიტიკა ომი არ იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში