სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, გერმანული „კონდორი“ (Condor) რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა“, – აცხადებენ სააგენტოში.