კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება,- ამის შესახებ პესკოვმა "CNN"-თან ისაუბრა.
"რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არსებობას ემუქრება საფრთხე",- აცხადებს პესკოვი.
მისივე განმარტებით უკრაინაში "რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია" წინასწარ დასახული ამოცანებისა და გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
"ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს წინასწარ დასახული გეგმებისა და ამოცანების შესაბამისად. არავინ ფიქრობდა, რომ ეს სპეცოპერაცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ეს არის სერიოზული ოპერაცია, რომელსაც აქვს სერიოზული მიზნები", - განაცხადა პესკოვმა.
ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. ბრძანების შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ბირთვული სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი გაძლიერებული რეჟიმზე გადავიდა.