საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქ ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით ავტობუსის სპეციალური რეისი დაინიშნა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.
"შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.
ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.
ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64
უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.