ქუთაისში მოქალაქეთა ნაწილი სასაფლაოებიდან მოპარული ბიუსტების დაბრუნებას და საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს

16 მარტი 2022, 16:23 1330 ნახვა

ქუთაისში, მოქალაქეთა ნაწილი სასაფლაოებიდან მოპარული ბიუსტების დაბრუნებას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. შეადგინეს პეტიციაც, რომელსაც ამ ეტაპზე ხელს 350-ზე მეტი ადამიანი აწერს.

„ღირსება აყრილი ქუთაისის გადასარჩენად“ - ამ სახელწოდების პეტიციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. პეტიციის ავტორი პედაგოგი, ''ქუთაისი-ნიუპორტის ასოციაციის'' წევრი მადლენა გიორგაძეა.

მიმართვის ადრესატები არიან: საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა მინისტრი.

„ერთ ღამეში გაქრა უამრავი კოლორიტის ბიუსტი. ესენი იყვნენ ცნობილი ექიმები, მხატვრები, სპორტსმენები, განათლებისა და ხელოვნების მუშაკები. ადამიანები, რომლებიც საკუთარ შემოსავალს ქუთაისის აღორძინებასა და ხალხის კეთილდღეობას ახმარდნენ. ეს ბიუსტები მათ მადლიერმა საზოგადოებამ დაუდგა. ქუთაისის ფასდაუდებელი საგანძურის ძარცვა გრძელდება, სამართალდამცავი ორგანოების ე.წ. ჩასაფრების პერიოდშიც. განადგურდა ქუთაისის მე-20 საუკუნის ისტორია. თითოეული ეს ბიუსტი ამ ისტორიის მატარებელი იყო.

მიგვაჩნია, რომ ქალაქის თვითმმართველობა, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია სასაფლაოების მართვის ორგანიზება, გულგრილობას იჩენს საქმისადმი. რომ არა ჩვენი საზოგადოების აქტიურობა, საქმის მიჩუმათებასაც ცდილობენ მთელი ეს პერიოდი. ასევე მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაჯეროვნად, გულგრილად და არასრულფასოვნად ახორციელებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მოვითხოვთ სასწრაფო წესით პრემიერ მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოახდინონ კრიმინალთა იდენტიფიცირება. დააბრუნონ ან აღადგინონ კოლორიტების ბიუსტები. თუ ამას ვერ მოახერხებენ, დატოვონ თანამდებობები ასე თავმომწონედ რომ უკავიათ“- წერია პეტიციაში.

ქუთაისის მასშტაბით 13 სასაფლაოა. სასაფლაოების მოვლა პატრონობა შპს "ქართული ტრადიციები 2011-ს" ევალება. სასაფლაოებს არ ყავს დაცვის სამსახური.

ბოლო თვეების განმავლობაში საფლავების ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიიდან 4 ბიუსტი გაძარცვეს, დააზიანეს საფლავები. ასევე "მეობის" სახელით ცნობილი ქუთაისელი სპორტის ოსტატის ოთარ სულაბერიძის საფლავი დაარბიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. დამატებითი დეტალების დაზუსტების შემთხვევაში ინფორმაციას თავად გაავრცელებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი