ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

12 მარტი 2022, 18:31 837 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში.

შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა“, - განმარტავენ საელჩოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი