"საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე" - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია.
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12-დან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება; თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასება.