მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება არ არსებობდა - გორის ჰოსპიტალი

28 იანვარი 2022, 15:44 1125 ნახვა

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რატომ წაიშალა ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ  ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.

"საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 წუთზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72 საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპეტორის წერილი კი როგორც აღინიშნა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა.

მასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სანამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია"- აცხადებენ ჰოსპიტალში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი