აჭარის მთავრობაში სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ კურორტს გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ გზასთან დაკავშირებით პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლად შესაბამის უწყებებს მიმართა.
''ერთის მხრივ მნიშვნელოვანია კოვიდრეგულაციების დაცვა და მეორეს მხრივ სეზონის წარმატებით დასრულება. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების მაქსიმალური ჩართულობა. ჩემთვის ცნობილია გზასთან დაკავშირებული პრობლემა, ამიტომ მინდა ვთხოვო და დავავალო შესაბამის უწყებებს, ასევე ხულოს მერიას და საგზაო დეპარტამენტს, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს გზის მოწესრიგება, რომ მოქალაქეებს გადაადგილების კუთხით დაბრკოლება არ შეექმნათ'' - განაცხადა რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში აუცილებელია კოვიდრეგულაციების დაცვა.
''სადღესასწაულო დღეების მიუხედავად მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ახალი შტამის ფონზე მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები. ყველაფერი გავაკეთოთ ვაქცინაციის კიდევ მეტი ინტენსივობისთვის. ეს არის ის საშუალება, რაც მოგვცემს ამ პერიოდშიც და შემდგომაც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ცხოვრების საშუალებას'' - განაცხადა რიჟვაძემ.