ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ციხისძირში აქციაზე დაკავებულ პირებს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს. საუბარია რევაზ კარალიძეზე, გიორგი კარალიძესა და ლევან სურმანიძეზე, რომლებიც სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს აიყვანეს. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმის მოსამართლე კობა გოცირიძე იყო.
''მოსამართლემ სარეზოლუცია ნაწილი გამოაცხადა და საქმეზე სიტყვიერი შენიშვნა მოგვცა. ამ ნაწილშიც თავს უდანაშაულოდ ვცნობ. საუბარი იყო, რომ თითქოს ჩვენ გზის სავალი ნაწილი გადავკეტეთ, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ასე არ არის და გზის მიმდებარედ ვდგევართ. ადგილობრივი მოსახლეობა უწევდა წინააღმდეგობას, აჩერებდნენ ავტომობილს, რომ არ დაეყარათ ნარჩენები. ჩვენ ნამდვილად ვაპროტესტებდით გადამუშავებული ნარჩენების დაყრას. დღეს ის ადამიანები გადაადგილდებიან და ის საფრთხის შემცველია და ეს სავალალოდ შეიძლება დასრულდეს'' - განაცხადა კარალიძემ.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ოქმის შემდგენები არ ესწრებოდნენ.
წინა სხდომაზე პროკურატურამ დაკავებულების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობა და სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდება მოითხოვა.
5 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ადგილობრივები ციხისძირში სპეციალური ორმოების მოწყობას აპროტესტებდნენ, რომელშიც გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები უნდა განთავსდეს.
კიდევ ორი დაკავებული პირის საქმეზე გადაწყვეტილება 15:00 საათზე გახდება ცნობილი.