საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს - მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ

02 დეკემბერი 2021, 11:09 831 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ. სასამართლოს შენობასთან ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერები დილიდან იკრიბებიან.  მონტაჟდება სცენა და ეკრანიც, სადაც იგეგმება ექსპრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პირდაპირი ტრანსლირება. 

სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქციაზე პიჯაკები მიიტანეს.

გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე, ძალიან სასაცილოა.

„ჩემი აზრით, ძალიან სასაცილო საქმეა. ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის. რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვისაც, ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული“, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცემოდეს. 

"ყველა პროცესზე ამ მოთხოვნას დავაყენებთ, იმიტომ, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს. ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ პიჯაკების საქმე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით", -  განაცხადა საძაგლიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საქალაქო სასამართლოში სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილის ის პიჯაკი მიიტანა, რომლის გამოც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასამართლებენ. გიორგი ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს იმის გამო ედავებიან, რომ ის ქვეყნის ინტერესებს იცავდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში