საკონსტიტუციო ცვლილებებზე კობახიძის განცხადება დემოკრატიზაციისთვის დამაზიანებელია - 18 არასამთავრობო ორგანიზაცია 

01 დეკემბერი 2021, 12:41 857 ნახვა

18 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და დოკუმენტზე ხელმომწერები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველის პარტიის მიერ, საერთაშორისო,  ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

მესამე სექტორის განმარტებით, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ მისი მიღების შემთხვევაშიც, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარი იქნება. 

''19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.

“ქართული ოცნება” შეთანხმების დატოვების შემდეგ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას აგრძელებს. შესაბამისი ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება ეჭვქვეშ დააყენა, მისი თქმით, მიღების შემთხვევაშიც, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარი იქნება. 

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველის პარტიის მიერ, საერთაშორისო,  ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს, რადგან ეს მმართველი ძალის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს. სრულად პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედება და საარჩევნო ბარიერის შემცირება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ადეკვატურად ასახვასა და პლურალიზმის განმტკიცებას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, ერთხმად, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერითაცაა მიღებული, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პარტიების შეთანხმებისა და თანამშრომლობის იშვიათ და მისასალმებელ მაგალითს წარმოადგენს. რეფორმის გაგრძელებაზე უარი, ამ მხრივაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი