გიორგი გახარიას პარტია თავმჯდომარეობის კანდიდატებს დააყენებს საკრებულოებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს

22 ნოემბერი 2021, 13:25 2216 ნახვა

პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოებში, რომლებშიც გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს.

ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხდა.

''ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შევთავაზეთ, შეთანხმების გზით აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის, დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა პირველ რიგში, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებდით, რომლის მთავარი პრინციპი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო რომელიმე ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად, საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსება.

ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

2021 წლის არჩევნების შედეგად, ''ქართულმა ოცნებამ'' უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაკარგა: წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის.  სწორედ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აქვს გახარიას პარტიას გადამწყვეტი ხმები. 

ბათუმის საკრებულოში პარტია ''საქართველოსთვის'' სამი წევრი შევიდა. 29 ოქტომბერს გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში