სახალხო დამცველი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევიდა

16 ნოემბერი 2021, 20:33 764 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის ციხესთან მივიდა, სადაც N18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი უნდა მოინახულოს.

მისივე განმარტებით,  ექიმების ჯგუფმა უნდა შეამოწმონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის საავადმყოფოში არსებული პირობები. თუ რამდენად არის შესაძლებელი მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებამ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.

"მოვედით ექსპერტებთან ერთად. ამ ვიზიტის მიზანი არის, რომ ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, რათა წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები, არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა, თუ პირობები ადგილზე, რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება. ასევე, მათ შორის არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში შესაძლებელია თუ არა, ადგილზე გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა ისე, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას ითხოვს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. გაეცნობიან ყველაფერს, გასინჯავენ პატიმარს, გაესაუბრებიან, გაეცნობიან სამედიცინო ისტორიას, გაეცნობიან ადგილზე სამედიცინო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, შემდეგ თავად იმსჯელებენ ყველაფერზე“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით მიმართოს.

"ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სტრასბურგი თანხმდება, სახალხო დამცველს რთავს საქმეებში მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაცია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი