სოფელ ქედ-ქედის სკოლა, რომელშიც 105 მოსწავლე სწავლობს-ცარიელია. ძველი დაანგრიეს, ახლის მშენებლობა კი არ დასრულებულა. სოფლის ცენტრში მოსწავლეების მშობლებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ სკოლაში სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი განათლების სამინისტროს ჯერაც არ გამოუცხადებია.
ამ დრომდე ისინი მეზობელ სოფელში, აჭარისაღმართის სკოლაში დადიან, მეორე ცვლაში. მშობლების უკმაყოფილება უკავშირდება ბავშვებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების საკითხსაც. ირკვევა, რომ მათ 3 მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა დარღვეულია კოვიდრეგულაციები. 18 ადგილიან სამარშრუტო ავტობუსს ხშირად 25 და მეტი მოსწავლე მიჰყავს სკოლამდე, მასწავლებლებთან ერთად. ამიტომ ითხოვენ კიდევ ერთი მიკროავტობუსის დამატებას.
მშობლებს აჭარის განათლების სამინისტროში პასუხობენ. ამბობენ, რომ უწყება ფაქტს მოიკვლევს და შესაბამისი რეაგირება იქნება. რაც შეეხება სკოლის სარემონტო სამუშაოების დასრულებას, გვითხრეს, რომ ტენდერი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოცხადდება.