დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

10 ოქტომბერი 2021, 18:15 1132 ნახვა

უბედურ შემთხვევას ჯერჯერობით სამი ბრალდებული ჰყავს. დაკავებულ სამივე პირს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ.სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. პროცესი 9:30 წუთზე ჩაინიშნა. სამივე  დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.  ბინის მეპატრონემ ზაურ ბუდატოვმა,  როგორც ადვოკატს განუმარტა არც მას და არც მუშებს სარდაფში ან სარდაფთან არანაირი სამუშაოები არ  ჩაუტარებიათ და არც საყრდენ კედლებთან ჰქონიათ შეხება.

დაგეგმილი იყო  მხოლოდ პირველ სართულზე ორი ბინის  გაერთიანება, რისთვისაც ადვოკატის განცხადებით ბინის მესაკუთრემ დაიქირავა კომპეტენტური ზედამხედველი პირი და მუშები. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების ნებართვებს,  ადვოკატი აცხადებს, რომ შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის  მეპატრონეს ნებართვა  მოქმედი რეგულაციის თანახმად არ სჭირდებოდა. ადვოკატი აპირებს მოწვეულ უცხოელ დამოუკიდებელ  ექსპერტს მიმართოს.  არც დაკავებული  მუშები ეთანხმებიან  ბრალს. ადვოკატის ინფორმაციით, მუშები  მხოლოდ ზედამხედველის მითითებებს  ასრულებდნენ და მათ  საყრდენ კედლებთან მიმართებით არანაირი სამუშაო არ განუხორციელებიათ.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულია ამ დროისთვის დაახლოებით 34 მოწმე. მათ შორის  ექსპერტები და გამომძიებლები.  გამოკითხულია ასევე სამუშაოების ზედამხედველიც, რომლის მითითებითაც ახორციელებდნენ მუშები შენობის პირველ სართულზე სამუშაოებს.  გამოძიება ბრალდებულებს სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს   უსაფრთხოების წესის დარღვევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.  გამოძიების ვერსიით მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვნის,  პირველ სართულზე უხეში დარღვევებით ჩატარებულმა სარემონტო   სამუშაოებმა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი