სააკაშვილი კიევშია და ისვენებს, ეს არის ფაბრიკაცია - ტიტე აროშიძე

01 ოქტომბერი 2021, 17:35 916 ნახვა

ეს არის ფაბრიკაცია - ასე აფასებს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც  ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ბათუმშია. 

ტიტე არეშიძის თქმით, ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული და თუ კარგად დავაკვირდებით ჩანს, მშენებარე კორპუსი, რომელზეც დღეს ერთი სართულით მეტია აშენებული.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო უნიჭო მმართველი და მენეჯერი, მაგრამ უნიჭო რეჟისორიც აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, სააკაშვილი უკრაინაში ისვენებს. 

''ქართველი ხალხი და მისი ამომრჩეველი კარგად მიხვდება, რომ ამის უკან დგას პროვოკაცია და დესტრუქცია. მას არ აინტერესებს ქართველი ხალხის ბედი და მდგომარეობა არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინაში, კიევში ისვენებს.

მშენებარე ობიექტს მას შემდეგ დაემატა სართული რაც მის ვიდეოში ჩანს... სააკაშვილის არც მაგის შნო და არც ძალა აქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და ქართველ ხალხს ჩახედოს თვალებში. გუშინ მთელი ღამე თავსხმა წვიმა იყო და სააკაშვილი რატომღაც მის ვიდეოში კარგ ამინდში იდგა, გამოდარების შემდგომ, რომ ამინდია. ფაქტობრივად ეს არის მისი მომხრეების მოტყუება. სააკაშვილი როგორც კი საზღვარზე შემოდგამს ფეხს მისი დაჭერა იქნება ძალიან მარტივი.

დღეს რამდენიმე ადამიანმა გააკეთა ფეისბუქ ლაივი, რომლებიც რეალურად ბათუმში იმყოფებოდნენ და აღმოჩნდნენ ბრაზილიაში, პორტუგალიაში, იტალიაში და ზედმეტი იქნება სახელმწიფოს ყველა რესურსი გადაერთოს ამაზე. ეს არის აბსურდის თეატრი'' - განაცხადა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში