“ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს - მამუკა მდინარაძე

30 სექტემბერი 2021, 14:44 1007 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების დღეს “ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა კენჭისყრის დღე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული ქმედებები ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი.

"დესტრუქციული გეგმების შესახებ მრავლად შემოდის გამოჟონილი ინფორმაცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' ოფისებიდან. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებზე:

2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც გეგმავენ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის მიზანია, ერთი მხრივ, ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების ელექტრონული პლატფორმის შემოღებასთან ერთად, საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანა არსებითად გამარტივდა;

 

ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის (საარჩევნო სიების, ბეჭდების და ა.შ.) მოპარვა;

 

ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნებზე, ამ შემთხვევაშიც, ხელმოწერების მანიპულირებისა და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით, გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას;

 

იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება.

მდინარაძე ამბობს, რომ ამგვარი უკანონო დავალების გამცემებიც და შემსრულებლებიც კანონის წინაშე აგებენ პასუხს, ბუნებრივია.

"გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა (აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103). ყველას შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამგვარი ქმედებებისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

ბუნებრივია, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით"- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის ბრალდებებს ბათუმის მერობის კანდიდატი პასუხობს. მისი თქმით, ''ქართულმა ოცნების'' წევრების გაღიზიანება გამოიწვია გასაჯაროებულმა კარდაკარის ოქმებმა. გიორგი კირთაძე მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს  შეეშვას ჭორაობას ან ისაუბროს დამადასტურებელი დოკუმენტებით.

ოპოზიციის მერობის კანდიდატის თქმით, ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლის მიერ დასახელებულ უბნებში თითქმის ყველა არჩევნებზე ოპოზიცია იმარჯვებს. 

''ქრთულმა ოცნებამ'' იცის შიდა კვლევებით ბათუმში რა შედეგებიც აქვთ, ისინი 50 და 60%-იან კი არა 40% ნიშნულსაც ვერ მიუხლოვდებიან. ასევე იციან, რომ პირველივე ტურში დამარცხდებიან. ვერ უშველათ სიძულვილის ბანერებმაც კი, რომელიც ბათუმის ქუჩებში გამოფინეს. პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა. მამუკა მდინარაძის გაბრაზება, როგორც ჩანს, გამოიწვია ამ ოქმება, ეს არის ''ქართული ოცნების'' შიდა კარდაკარის ოქმები, სადაც პედაგოგები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენები, საუბნო კომისიის წარმომადგენლები, უბანში ავტორიტეტები ერთად სხედან და არჩევენ როგორ განახორციელონ ამომრჩევლებზე ზეწოლა'' - განაცხდა კირთაძემ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი