სუს-ი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

25 აგვისტო 2021, 21:14 1105 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირთან დაკავშირებით ვიდეო-აუდიო მასალას ასაჯაროებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქეები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

"ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეო რგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან კავშირზე მყოფ პირებთან.  ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, პანკისის ხეობაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ, მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებაში არსებულ სამომავლო გეგმებს.

გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი