საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო. ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს. სახალხო განხილვაში ერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც.
მმართველი გუნდის ოპონენტები ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ და მის მხარდაჭერასაც გეგმავენ. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა.
პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები.
სახალხო განხილვებს არ დაესწრებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, თუმცა ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავენ.