პოლიციამ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

20 ივლისი 2021, 11:48 1054 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს - 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ., ხოლო 17 ივლისს 1997 წელს დაბადებული ნ.გ., ბრალდებულებმა „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 5 -6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში