ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დემონსტრირება - ირაკლი ღარიბაშვილი

07 ივლისი 2021, 16:27 996 ნახვა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დემონსტრირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნისადმი. ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ქვეყნის გულწრფელი, ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის გზაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებობს.

მოგეხსენებათ, მთავარი დოკუმენტი, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის არის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ შვიდი წლის წინ. ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რამაც უკვე დაიწყო კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა, მოსახლეობას შევახსენო, ერთი კონკრეტული, ხელშესახები ფაქტი, ეს არის უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2016-2017 წლამდე  ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადააადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით. უკვე რამდენიმე წელია, უვიზოდ გადააადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში, ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა, რადგან ჩვენ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან.

ამას გარდა, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ეს დიდებული შედეგი იქნა მიღწეული.

მეორე საკითხი ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენს მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქართული ნაწარმი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში