შემთხვევების სწრაფი მატება და მძიმე მიმდინარეობა, შესაძლოა კავშირში იყოს "დელტა" შტამის გავრცელებასთან - თამარ გაბუნია

29 ივნისი 2021, 12:16 2828 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპდსიტუაცია საყურადღებოა. თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა, რაც საყურადღებოა.

"შემთხვევების მატება 1000 აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტების დაბალი რაოდენობით, თუმცა ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ყოფილა რამდენიმე კვირის მანძილზე რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია საყურადღებოა და პრევენციული ღონისძიებების მეტად გააქტიურებაზე მეტყველებს.

ტესტირების პროგრამა გრძელდება და ყოველდღიური დაახლოებით 30 000 ფარგლებში მერყეობს და ასე გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ე.წ ინდური შტამის ქვეყანაში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს, მისი გავრცელება დაახლოებით 10-დან 20%-მდეა.

გაბუნია ამბობს, რომ არ არის გამორიცხული შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას უკავშირდება, შესაძლოა კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან.

"დღეს გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, უნდა დავაკვირდეთ კვირის ბოლომდე სტატისტიკას, თუმცა ის ზომები, რომლებიც ეხება სოციალურ დისტანცირებას და პირბადის გამოყენებას უნდა დავიცვათ"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში