აბიტურიენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდებს საგანგებოდ შედგენილი ცხრილით ჩააბარებენ

15 ივნისი 2021, 13:37 1334 ნახვა

საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ - ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასეთი აბიტურიენტები გამოცდებს საგანგებოდ შედგენილი ცხრილით ჩააბარებენ.

„პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ „კოვიდ-19“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.

წელსაც მოეწყობა საკარანტინე სივრცეები იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული „კოვიდ-19“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით.

„მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნა  სოფო გორგოძემ.

რეკომენდაციების თანახმად, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება სულ მცირე ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი, ერთი მეტრი. კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი