აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად პირველი შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს ყველა კოვიდრეგულაციისა თუ უსაფრთხოების სტანდარტის ნახვა შეუძლიათ. ვებგვერდზე ასევე აიტვირთება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგები, სემინარები და მასტერკლასები, რომელზე რეგისტრაციაც ონლაინ იქნება შესაძლებელი. სექტორთან შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.