ნინოწმინდის პანსიონს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ამოწმებს

04 ივნისი 2021, 12:05 1245 ნახვა

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს  მიეცა შესაძლებლობა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, დაწესებულების დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა.

„მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.

ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც“,-აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს დილით 3 წლიანი პაუზის შემდეგ ნინოწმინდის პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფიც შევიდა.

ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები პანსიონის შესამოწმებლად 2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბოლო ვიზიტისას არაერთი დარღვევა გამოიკვეთა.

"ერთ ოთხაში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი რაც დაუშვებელია. არ ხდებოდა წელიწადში ერთხელ 12 დღით ბავშვების აგარაკზე გაყვანა, კვების მენიუში არ იყო სამკომპონენტიანი სადილი"- განაცხადა ტარიელ კაშიამ.

სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგს მთელი დღე განახორციელებენ და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ პანსიონს ლიცენზია შეუჩერდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში