''ნამახვანჰესის'' მოწინააღმდეგეთა აქციაზე აქტივისტს ლგბტ სამკლაურის გამო დაუპირისპირდნენ 

24 მაისი 2021, 14:04 865 ნახვა

,,ნამახვანჰესის'' საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ამის მიზეზი მათსა და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის დაპირისპირება გახდა.

ბარკერის განმარტებით, დაპირისპირების მიზეზი ლგბტ თემის სიმბოლიკიანი სამკლაური გახდა, რომელიც მას ეკეთა.  ზუკა ბერძენიშვილის განცხადებით, მათ არ სურდათ დაპირისპირების გაღრმავება, ამიტომაც გაერიდნენ ტერიტორიას. 

მოგვიანებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა სალომე ბარკერმა.

''2019 წლის მაისიდან მიკეთია ეს სამკლაური. და ამ დროში იმდენად შემეზარდა მკლავზე, ამას წინათ თავად გურამ კაშია ჰყავდათ ერთ ეთერში სტუმრად და პროდიუსერმა მე დამირეკა, სამკლაური გვათხოვე, ვერ ვიშოვეთო. ამ ნაწილს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვინც ეხლა დაინახა პირველად.

უამრავი ბნელეთი რომ უჭერს მხარს ამ პროტესტს, არ ყოფილა ჩემთვის დამაბრკოლებელი აქამდე, და როგორც დააანონსეს 12:00 საათზე მობილიზაცია, ისე მივედი და დავდექი ჩემთვის წყნარად. არავისგან არანაირი პრობლემა არ მიგრძვნია, აქ ხალხი დადის ზოგი ჯვრით და ზოგი დროშით. რავიცი, ჭრელი ხალხი ვართ ხო? ასე არ უნდა იყოს?

ასევე, ყველა მედიამ იცის, რომ უარს ვეუბნები უკვე დიდი ხანია და ვერ ნახავთ ჩემს სინქრონებს ვერსად, ახლაც ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი, მერე გამახსენდა ეს მთელი აურზაური აქით-იქით, დაძაბულობა რასაც ვკითხულობ ორი დღეა ფეისბუქზე და ვიფიქრე, პირიქით, კარგს ვიზამდი თუ ვეტყოდი, რომ დიახაც აქ ვარ და მხარდასაჭერად ვარ, როგორც უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ ძალადობის და ესკალაციის მოლოდინი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად აქ უნდა ვიყო და არა სხვაგან.

და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.

უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.

გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად'' - წერს სალომე. 

,,მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფსა და პარტიას გამოხატავს, ''– ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ  რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება, თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი