რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი ინიციატივით გამოდის - ფასდაკლება დაუწესდეს დასაქმებულებსა და მომხმარებლებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთეს.
შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი წახალისება. მისივე თქმით, საკითხი ბიზნესოპორატორების გადასაწყვეტია და მხოლოდ ერთი ადამიანი, ამის განხორციელებას ვერ შეძლებს.
''დღეს რა რეალობაც გვაქვს ქვეყანაში, ერთადერთი გამოსავალია ადამიანებმა ვაქცინა გაიკეთონ. იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ანტივაქსერები უფრო მეტი გვყავს ვიდრე ვაქცინის მომხრეები, გარკვეული ბენეფიტების და სტიმულაციის აუცილებლობა არსებობს.
სარესტორნო ბიზნესის მხრიდან გვაქვს სურვილი, ადამიანებს, რომლებიც აცრილები არიან, მომსახურებაზე ფასდაკლება გავუკეთოთ. საკითხს მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტ, ეს ბიზნესის, თითოეული ოპერატორის გადასაწყვეტია. თვითონ შეხედავენ როგორ შეიძლება სტიმულირება მოვახდინოთ მოქალაქეების, რომლებსაც სურვილი აქვთ ვაქცინაცია ჩაიტარონ. თუ აცრილები არიან გარკვეულწილად დაუფასდეთ ის, რომ ზრუნავენ როგორც საკუთარ თავზე ასევე საზოგადოებაზე'' - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
უკვე არის სარეგისტრაციო ფორმა, სადაც ტურიზმის სექტორში, რესტორნებსა და სასტუმროებში დასაქმებულებს ვაქცინაციის გასაკეთებლად მონაცემების შევსება შეუძლიათ. რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს დილით 200-მდე ადამიანი იყო რეგისტრირებული.
შოთა ბურჯანაძე გეგმავს ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.
,,ეს არ არის დიდი ციფრი და ველით აქტიურობას. მე პირადად თუ ვინმესთვის მაგალითი ვიქნები საჯაროდ ავიცრები'' - განაცხადა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა.