პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

07 მაისი 2021, 11:14 960 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით იმუშავებს. 

''ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი ადამიანი დასაქმდება და ექნება შემოსავალი. 

ვაზირი არის საქართველოს დიდი მეგობარი, მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, მანამდე კი კერძო ბანკებში. ბატონი ვაზირი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ეკონომიკურ გუნდს. გუშინ ბატონი ვაზირი წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა. 

პრემიერის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან.

„მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის, უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი ყურადღებას გაამახვილებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ისე - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაზილ ჰუდაკმა კი განაცხადა, რომ რთულ პერიოდში უწევს მუშაობა, მაგრამ ეს ახალი შესაძლებლობების დროა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რესურსების მობილიზება და კერძო სექტორის ჩართულობა. 

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი, საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემს გულთან. აქ ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ეს არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკაში. ჩემთვის დიდი პატივია ახლა უკვე ახალ რანგში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის, საზოგადების განვითარებისთვის.

რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდი. რომ გავიზარდოთ, განვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით, უკეთესი ხარისხი შევქმნათ. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება, ვიცით, როგორ მოვახდინოთ ეკონომიკური ფონის აღდგენა ინვესტიციების მოზიდვის გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც.

ყველა ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შევხვდი, სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა რესურსების მობილიზება და კერძო სექტორის ჩართულობა. ამაში ვხედავ ჩემს როლს, დავეხმარო საქართველოს მთვრობას იმ გზების გამოძებნაში რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია საერთაშორისო დახმარების გზით. ეს არის საქართველოს და ევროკავშირის კავშირის გაძლიერების შესაძლებლობა' - განაცხადა მრჩველმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში