აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, წელს აჭარაში 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უფასოდ დამუშავდება.
აღნიშნული პროგრამა პირველად, გასულ წელს, კოვიდპანდემიის დროს განხორციელდა.
დღეს, მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ფერმერებს დაეხმარება, სოფლად კი მეტი დოვლათი შეიქმნება.
''ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ჩვენი მოსახლეობა. შარშან პროგრამა წარმატებით განხორციელდა. ის დოვლათი, რომელიც შეიქმნა, ეხმარება ოჯახებს, რომ გამოწვევების ფონზე შეძლონ ცხოვრების გაგრძელება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს გაეცნო.
''აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გრძელდება. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 700 ჰა ფართობი'' - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.