ყოფილი დეპუტატი „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი პარლამენტის წინააღმდეგ“-სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მოსარჩელე მხარე ითხოვს მემკვიდრეობის გზით მიღებული და წლების წინ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებული რიგი ნორმების გამო ვერ ახერხებს. სწორედ ამ წესის, კონკრეტულად კი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წესთან დაკავშირებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ემზარ კვიციანის ოჯახი. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2006 წელს მოსარჩელე ემზარ კვიციანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სხვადასხვა დანაშაულისთვის, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას ჩამოერთვა საკუთრება, დაუსაბუთებელი ქონების მოტივით. პროცესები კი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ასე განვითარდა. 2014 წელს ისევ პროკურატურის გადაწყვეტილებით, ემზარ კვიციანის მიმართ, რომელიც 2006 წლიდან მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. შესაბამისად გაუქმდა დადგენილებებიც, რომელთა საფუძველზეც მათ ქონება ჩამოერთვათ. ახლა არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები, თუმცა იმიტომ რომ გადაწყვეტილების გაბათილების ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია, ასევე სადავო ერთ თვიანი ვადაც ამოწურულია რომლითაც მოსარჩელეს უნდა ესარგებლა საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოების დადგენის შემდეგ, მოსარჩელე ამბობს, რომ ისინი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ. ითხოვენ სასამართლომ ისარგებლოს სამართლიანი და სწრაფი სასამართლოს პრინციპით, რადგან მათი მტკიცებით, 10 ოჯახი მამაპაპისეული ქონების დაბრუნებას უკვე 15 წელია უშედეგოდ ცდილობს. დააკამყოფილებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას უახლოეს დღეებში გაირკვევა. გუშინ დაწყებული სასამართლო სხდომა კი ცოტა ხნის წინ დასრულდა.