ქალთა მოძრაობის წევრები ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახალხო დამცველს მოუწოდებენ, რეაგირება მოახდინოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას დამამცირებელ განცხადებაზე, რასაც ადგილი აქვს ქალების მიმართ. ასევე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტი.
მოითხოვენ გამოძიების მიმდინარეობისას ბესო ზანგური ჩამოშორდეს პროფესიულ საქმიანობას თეატრში.
ქალთა მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
''ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოჯახში ძალადობა სამწუხაროდ ხშირი მოვლენაა, საზოგადოება კი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შეუწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულის მიმართ, მსხვერპლებს დიდი ძალის და გამბედაობის მოკრება სჭირდებათ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და საჯაროდ სასაუბროდ. ამ რეალობაში, კიდევ უფრო დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. გვჯერა, რომ მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული'' - წერია განცხადებაში.
ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მასზე ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქალი ორსულად იყო.
განცხადების სრული ვერსია წაიკითხეთ ლინკზე: