ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის ბარიერი 3%-მდე დაიწევს - პაპუაშვილი

25 მარტი 2021, 13:40 1227 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მიმართულებით დაინიცირდება.

მისი განცხადებით, 2 მარტს, სამუშაო ჯგუფის ერთთვიანი მუშაობის შედეგად დაინიცირდა რეფორმების პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, 12 სარეფორმო პუნქტიდან ხუთი სწორედ სამუშაო ჯგუფის წევრების ინიციატივაა.

''ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამ ეტაპზე ამოცანას წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლება, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს, უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც.

მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება. ოპოზიციის მიერ საკუთარი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაა.

დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთის საჭიროა პარლამენტის შვიდი წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთსაკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა, ვაძლევთ შესაძლებლობას, შექმნან ჯამურად ხუთი საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის.

ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მცირე პარტიების ხელშესაწყობად, რათა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ამომრჩევლების მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაზე, გაიაზროს ამ ცვლილებების მასშტაბი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, უპასუხოს საკუთარი ამომრჩევლების მოლოდინებს და გახდეს დემოკრატიული განვითარების მონაწილე.

როგორც იცით, ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში