მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის და უკრაინის 2 მოქალაქის საქმეზე სასამარლოში სანაპირო დაცვის თანამშრომელი იკითხება

12 მარტი 2021, 12:05 964 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სანაპირო დაცვის თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროცესზე მოწმის სახით სანაპირო დაცვის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იკითხება. მას პროკურორმა დეტალური განმარტება გააკეთებინა, თუ რა პროცედურებია საჭირო უცხო ქვეყნის მცურავი საშუალების საქართველოს კონტროლირებად წყლებში შემოსვლისას.

მოწმემ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში აგენტის მიერ პირველადი ინფორმაცია ქართულ მხარეს 72 საათით ადრე უნდა მიეწოდოს. მისივე განცხადებით, კონკრეტული მცურავი საშუალება კი ბათუმის სანაპირო საზღვრებში ისე დაფიქსირდა, რომ ამოუცნობი იყო მისი წარმომავლობა და შეუძლებელი იყო იდენტიფიკაცია. ამბობს, რომ სტანდარტული პროცედურებით კატარღის გაჩერება სანაპირო დაცვას იძულებით მოუხდა.

" გვითხრეს, რომ ბორტზე იმყოფებოდა ერთი საქართველოს და ორი უკრაინის მოქალაქე. ვინაიდან აღნიშნულ გემს არ გააჩნდა იმოს (საიდენტიფიკაციო) ნომერი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნომრით ავსტრალიის წყლებში ფიქსირდებოდა ამავე ემ-ემ-ეს-აის მქონე გემი. რაც იწვევს ეჭვს, რადგან მსგავსი კოდი მხოლოდ ერთ გემს შეიძლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე ვივარაუდეთ, რომ მოხდა საქართველოს უკანონო საზღვრის კვეთა. " - განაცხადა მოწმემ.

აღნიშნული კატარღის ეკიპაჟის 3 წევრს, გამოძიება ჯგუფურად საზღვრის კვეთას ედავება.

კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში