მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს - ოპოზიცია შარლ მიშელთან შეხვედრაზე

01 მარტი 2021, 16:49 1039 ნახვა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მათ შარლ მიშელისაგან მიიღეს დაპირება, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს.

"ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი თუ როგორ შეიძლება, რომ ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ეს არის პოლიტიკური პატიმრების თემა: ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ, იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე ქვეყანას სჭირდება ახალი განახლებული დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩენ გვქონდა დეტალური საუბარი ყველაფერ ამაზე და იმ გზებზე როგორ ვხედავთ გამოსავალს.

ის დაპირება რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის რა თქმა ხელისუფლებაზეც, რადგან მათ კარგად ესმით, რომ შეუძლებელია მძევლად აყავდეს პოლიტიკური ლიდერები ხელისუფლებას და ამ დროს საუბრობდეს დიალოგზე"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რესპუბლიკურ პარტიაში კი განაცხადეს, რომ მათ ისაუბრეს პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც ქვეყანაშია და ხაზი გაუსვეს მისი შეწყვეტის აუცილებლობას.

"ყველაზე მთავარი ამ შეხვედრის მნიშვნელობა არის ის, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულ როლს ხედავს, რომ კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია, პოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია აუცილებელია რომ გადაწყდეს ისე, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ მთავარი პასუხისმგებლობა არის მასზე და შესთავაზოს ოპოზიციას კომპრომისები. დასავლეთი და ჩვენი მეგობრები არ აპირებენ, რომ ყურადღება მოადუნონ.  ეს ვიზიტი არის იმის დამდასტურებელი, რომ ეს ჩართულობა გაიზრდება მომავალში და მივაღწევთ შეთანხმებას"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი შეთავაზება იყო პროცესი მედიაციიდან გადავიდეს მოდერატორობაში და დიალოგის აქტიურ ფაზაში. 

"საინტერესო შეხვედრა იყო. ხაზი გავუსვით, რომ ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება არის დაპირისპირებული, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია რიგგარეშე არჩევნები და მისი გადაჭრის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ. ხაზი გავუსვით, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ყურადღებული და მივიღებთ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს ამ პროცესში"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

,,სტრატეგია აღმაშენებელის'' ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს ჩემი აზრით ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს და აქედან გამომდინარე, შევხედოთ რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი. ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი