საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სიმონიშვილის განცხადებით, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.
მისივე თქმით, ამ სიას მალე ევროპის კიდევ რამდენიმე წევრი ქვეყანა დაემატება.
"გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან 1 ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.
გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება დეტალები ცნობილი", - წერს სიმონიშვილი.
შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.
სეზონური სამუშაოს მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 საათს კვირაში. ზოგადად, სამუშაო დრო საშუალოდ შეადგენს კვირაში 5-6 დღეს, დღეში კი დაახლოებით, 8-10 საათს. სამუშაო დროის ზუსტი ხანგრძლივობა (სამუშაო საათები კვირაში ან თვეში) აისახება დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზებაში.
რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე – workabroad.moh.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს – 1505.