იმედია რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს, დაუმორჩილებლობა მიუღებელია-ნათია თურნავა

03 თებერვალი 2021, 11:34 880 ნახვა

დაუმორჩილებლობა, კანონდარღვევა არის მიუღებელი და ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება - ასე გამოეხმაურა დღეს ეკონომიკის მინისტრი რესტორნების წარმომადგენლების სურვილს, რომ შაბათს თვითნებურად გახსნან რესტორნები და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ მსგავსი არაკანონიერი ქმედებით არ გაართულონ დიალოგი.

"ჩვენ წინა კვირაში შევხვდით სარესტორნო ინდუსტრიას. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხებზე. კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. გასაგებია, მათი უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჯერ-ჯერობით ვერ იხსნება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონდარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა არის მიუღებელი და ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ვინაიდან ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ერთად პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება, აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვეძებთ გამოსავალს. ჩემი თხოვნა იქნება რესტორნებმა ასეთ არაკანონიერი ქმედებით არ გაართულონ დიალოგი. დიდი იმედი გვაქს, რომ ჩენ გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მათთან დაკავშირებით, ისეთი ქმედება როგორიც არის კანონდარღვევა, დაუმორჩილებლობა ძალიან გაართულებს დიალოგს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ეკონონიკის გახსნის კუთხით ვიღებთ ეს არის ერთობლივი ნამუშევარი. ერთიანი გადაწყვეტილება მიიღება საკორდინაციოზე, სადაც ყველას ხმა არის მოსმენილი"-განაცხადა ნათია თურნავამ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, რესტორნები დაჯარიმდებიან.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს  სექტორული ბიზნესის წარმომადგენლებთან. მე პირადი სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს მათთან და იმედი მაქვს, რომ კვირის განმავლობაში კონსენსუსამდე მივალთ და მათი მხრიდან, რადიკალური ზომები მიღებული არ იქნება. ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობს. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, ბუნებრივია, სანქციები გამოყენებული იქნება. ესაა 2 000 ლარი ფიზიკური პირის, ხოლო 10 000 ლარი იურიდიული პირის მიმართ, ხოლო განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს ობიექტის დალუქვას“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი