პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

10 დეკემბერი 2020, 11:08 1155 ნახვა

სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მანქანის შემოწმებისას, მანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 99 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “მდმა“ აღმოაჩინეს, რაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, თურქეთიდან საქართველოს გავლით, უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში