ქუთაისის მერი ოფიციალურად იოსებ ხახალეიშვილი გახდა, თუმცა ხახალეიშვილი მერის მოვალეობის შესრულებას 11 დეკემბრიდან შეუდგება.
მერი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.
"იზოლაციაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, ვრჩები სახლში და ვასრულებ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქუთაისის მერიაში, ჩემს სამუშაო ადგილზე, პარასკევს, 11 დეკემბერს გამოვცხადდები და შევუდგები ქუთაისის მერის უფლება-მოვალეობების შესრულებას. უდიდესია პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელებმა თავიანთი მხარდაჭერით დამაკისრეს. ურთულეს პერიოდში მიწევს მუშაობის დაწყება. ახლა ყველაზე მთავარი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენაა. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ყველა იმ გეგმის შესრულება, რაც ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის დავსახეთ", - აცხადებს ქუთაისის ახლადარჩეული მერი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების'' კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 92.02 % მიიღო. ხახალეიშვილის მეტოქე ,,ენმ-ძალა ერთობაშიას'' კანდიდატი გრიგოლ შუშანია იყო, თუმცა ოპოზიციის საერთო ბოიკოტის ფონზე, მან არც საარჩევნო კამპანია განაგრძო და მეორე ტურსაც გამოეთიშა.
კანონმდებლობის თანახმად, შუშანიას სახელი და გვარი ბიულეტენებზე მაინც დაიბეჭდა. ცესკოს მონაცემებით მან ხმების 7.98% მიიღო. იოსებ ხახალეიშვილს კი არჩევნებამდე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ,,ქართული ოცნების'' მერებმა ქუთაისი კატასტროფამდე მიიყვანეს, ქალაქი ვეღარ ვითარდება, ხახალეიშვილს კი მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რომლის გამოსწორებას ის ვერ შეძლებს.
„ სამწუხაროდ, ქუთაისში ადგილობრივი არჩევნები ზუსტად ისე გაყალბდა, როგორც საპარლამენტო არჩევნები და ეს არ გამოხატავს ქუთაისელთა აზრს. დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ამ ქალაქში არაფერი არ შეიცვალება. ყველა ის უბედურება რაც 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში ხდებოდა გაგრძელდება. სამუშაო ადგილების დაკარგვა, კორუფცია, წარუმატებელი, დაუსრულებელი პროექტები და დაანონსებული პროექტების ჩაგდება ამ ადამიანის ვიცე- გუბერნატორობის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, არაფერს ველი, მომავალი წელი იქნება უმძიმესი და კიდევ ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშო ადგილს, გაღარიბდება, არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ქალაქში არ შემოვა ინვესტიცია. ერთადერთი რაც მოხდება, ეს ჩინოვნიკები ბიუჯეტისა და ტენდერების ხარჯზე გამდიდრდებიან.''- აცხადებს გიგა შუშანია.
ამ დრომდე ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი ასრულებდა, რომელიც კვლავ მერის პირველი მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება. ახალი მერის არჩევის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც თანამდებობა გიორგი ჭიღვარიამ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.