ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მაია მერკვილაძის პოზიციაზე, შრომითი დავის დასრულებამდე ახალ თანამშრომელს ვერ დანიშნავს.
სასამართლომ მაია მერკვილაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტელევიზიის ადმინისტრაციას ახალი ამბების სამსახურის რედაქტორის სადავო პოზიციაზე ახალი თანამშრომლის განუსაზღვრელი ან 6 თვეზე მეტი ვადით დანიშვნა დროებით შეეზღუდა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC ავრცელებს, რომელიც სასამართლოში მერკვილაძის უფლებებს იცავს.
'' იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე,რომ მოპასუხე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ახალი კადრით შეევსო ახალი ამბების რედაქტორის პოზიცია, რომელზე აღდგენასაც მაია მერკვილაძე მოითხოვს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეძლევა გარანტია, შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აღდგეს სადავო პოზიციაზე'' - წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციომ გადაწყვეტილება შეცვალა.
რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელის განცხადებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა არ არის.
''პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და არა საბოლოო გადაწყვეტილება. რაც მრჩეველთა საბჭოს თანხმობით მოხდა საშტატო განრიგის ცვლილება მაია მერკვილაძეს შესთავაზეს ტოლფასი თანამდებობა, რადიომაუწყებლობის სამსახურში, ბუნებრივია ანაზღაურების შენარჩუნებით.
ეს არის სასამართლოს მსჯელობის საგანი, მხარეებს ბუნებრივია წარდგენილი აქვთ თავიანთი არგუმენტები, სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იყო თუ არა ტოლფასი შეთავაზება, იყო თუ არა კანონიერი კონკრეტული თანამდებობის გაუქმება, რომელიც მას ეკავა. მაუწყებელს ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაუჭირდება რაიმე კონკრეტული პასუხის გაცემა. საინფორმაციო სამსახურს მას შემდეგ ყავს რედაქტორი, მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი, ის არის აკაკი გოგიჩაიშვილი და ის არის შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით აყვანილი'' - აცხადებს ფირუზ ბოლქვაძე.
რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას, რომელ თანამდებობაზეც მაია მერკვილაძე პარალელურად მუშაობდა, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. დავა სასამართლოში აღნიშნულ საქმეზეც გრძელდება.