პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ასევე, ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე.
"სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში "პუბლიკას" ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე;
162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, N39 და N40 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით;
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არის დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ N78 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
187-ე მუხლით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში N90 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
ასევე, ქალაქ ქუთაისში, N37 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო გამოძიება;
126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება რუსთავში N64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი;
162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის N64 საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
პოლიციამ 16 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დაკავდა 9 პირი, მათ შორის გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.
შსს აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები.