დღეს გამოქვეყნდა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშების მიხედვით, პოლარიზება მატულობს მედიის თითქმის ყველა სეგმენტში. მონიტორინგის მიხედვით აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ეთერში, ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო. ყველაზე დადებითად „ქართული ოცნება“ გაშუქდა პოზიტიური ტონით (34 %). ყველაზე უარყოფითად კი მთავრობა, მისთვის დათმობილი დროის 20 % უარყოფითი ტონით.
საანგარიშო პერიოდი დაემთხვა აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებას, წინასაარჩევნოდ საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური პარტიების აქტივობის გაშუქებაზე მეტად ეპიდემიის მართვას და მის შედეგებს ეთმობოდა ეთერი. ამასთან, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისას ძირითადად დაცული იყო ეთიკური სტანდარტები.
მონიტორინგში წერია, რომ აჭარის ტელევიზია გამოირჩევა ადგილობრივი პრობლემების გაშუქებით. მის ეთერში ხშირად ისმის მოქალაქეების ხმა. სიუჟეტებში რესპონდენტები ლაპარაკობენ გაჭირვებაზე, რომელიც უკავშირდება როგორც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, ისე ლარის კურსის გაუფასურებას და გაძვირებულ საკვებსა თუ მომსახურებას.
თუმცა აჭარის მაუწყებლისგან კრიტიკა ხელისუფლების მიმართ ძირითადად „ხალხის მხრიდან“ ისმის და რაოდენობრივ შედეგებში დაფიქსირებული უარყოფითი ტონიც ძირითადად მთავრობის მიმართ მოქალაქეების კრიტიკითაა განპირობებული. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგდებოდა ასევე გადაცემები „თავისუფალი სივრცე“ და არჩევნები 2020. თავისუფალი სივრცე საანგარიშო პერიოდში გადაცემაში განხილული იყო აქტუალური საკითხები.
რაც შეეხება გადაცემა არჩევნები 2020-ს მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ კითხვები მეტად არის ორიენტირებული პროგრამებსა და დაპირებებზე და აღარ რჩება დრო კრიტიკისა და ჩაძიებისთვის. წამყვანები ამჟღავნებენ მაღალ მგრძნობელობას ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა გენდერული თემატიკა, სიძულვილის ენის გამოყენება.