ვინ და როგორ წაშალა მასალა აჭარის მაუწყებლის ვებ-გვერდიდან? - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 284 მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.
ტელევიზიის ვებ-გვერდიდან მასალა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სოფელ დიდაჭარაში ოპოზიციურად განწყობილ სპორტსმენებთან დაპირისპირებას ასახავდა ეთერში გასვლიდან და ვებზე განთავსებიდან რამდენიმე საათში წაიშალა.
ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი ნინო ხაჟომია აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც საიტიდან მასალა იშლება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეხუთედ დაფიქსირდა. იგი გუშინ გვიან ღამით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ის ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ფაქტები არხის დისკრედიტაციის მიზნით ხდება.
ტექნიკურმა სამსახურმა მასალა მოგვიანებით აღადგინა და ის ახლა ხელმისაწვდომია.